English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი
კორონომიკური კრიზისის გამოწვევები მსოფლიოსა და საქართველოსთვის

კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი უმძიმესი გამოცდა აღმოჩნდა როგორც მსოფლიო, ისე ცალკეული ქვეყნების ეკონომიკებისათვის. კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ თავისი სიღრმით და სიმწვავით უკვე აჭარბებს 2007-2009 წლების გლობალურ ფინანსურ კრიზისს და უტოლდება 1930-იანი წლების „დიდ დეპრესიას“. კორონომიკურმა კრიზისმა საგრძნობლად შეაფერხა გლობალიზაციის პროცესი, თუმცა ამჟამად არ არსებობს დეგლობალიზაციის დაწყების რაიმე რეალური საფრთხე.

უაღრესად დიდი იყო კორონომიკური კრიზისის უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. 2020 წელს წინა წელთან შედარებით ქვეყნის მთლიანი სამამულო პროდუქტი (მსპ) 6.1%-ით შემცირდა, 2021 წლის იანვრის თვეში მსპ-ს ვარდნამ 11% შეადგინა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ტურიზმის სფერო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყარო იყო.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული აქტიურობა პირობითად სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს. პირველ ეტაპზე მთავრობამ განახორციელა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობის მკვეთრი შეზღუდვა, რის შედეგადაც შეძლო შედარებით წარმატებით განმკლავებოდა პანდემიას. მეორე ეტაპზე მოხდა პირიქით - შემზღუდავი ღონისძიებების შერბილებამ განაპირობა პანდემიის ახალი ტალღის წარმოქმნა, რომელიც შავიზღვისპირა საკურორტო ზონიდან მთელი საქართველოს მასშტაბით სწრაფად გავრცელდა. მისი ეპიცენტრი თბილისში იყო. მთავრობა იძულებული გახდა კვლავ მიემართა მკაცრი შეზღუდვებისათის. ამჟამად ჩვენ საქმე გვაქვს მესამე ეტაპთან, როცა პანდემიის ინტენსიურობის შემცირების ფონზე მიმდინარეობს ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესი. პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება მასობრივი ვაქცინაციის განხორციელებისა და ეკონომიკის შეზღუდვის თანდათანობით მოხსნის  ოპტიმალურ შერწყმაზე.

საკვანძო სიტყვები: კორონომიკური კრიზისი, დეგლობალიზაცია, ანტიკრიზისული პოლიტიკა, მასობრივი ვაქცინაცია, ეკონომიკის შეზღუდვა.

JEL Codes: I10, I18, I19